
ელექტრონული ფოსტის შექმნის თარიღად შეიძლება დავასახელოთ 1965 წელი, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა, ნოელ მორისმა და ტომ ბან ბლეკმა დაწერეს პროგრამა MAIL, ოპერაციული სისტემა CTSS-ისთვის .
ეს სისტემა თანდათან განვითარდა, მრავალმომხმარებლიანი ლოკალური სისტემის განვითარებასთან ერთად. მომხმარებლებს პროგრამა mail-ის გამოყენებით შეეძლოთ ერთმანეთისთვის წერილების გაგზავნა. შემდეგი ნაბიჯი იყო წერილების გაგზავნა ერთი კომპიუტერიდან- მეორეზე. ამისათვის გამოიყენებოდა კომპიუტერის სახელი და მომხმარებლის სახელი ამ კომპიუტერზე. მისამართი იწერებოდა შემდეგი სახით: foo!joe (მომხმარებლის სახელი იყო joe, კომპიუტერის კი foo). UUCP მისამართის გამოყენების შემთხვევაში, მისამართში ემატებოდა წერილის მარშრუტიც, რომელიც ადრესატამდე მისვლამდე რამდენიმე შუალედურ კომპიუტერს გაივლიდა, მაგალითად gate1!gate2!foo!joe (ამ წერილის მიმღები იყო joe, წერილი გაივლიდა gate1, gate2 კომპიუტერებს და ბოლოს მოხვდებოდა foo კომპიუტერში). ასეთი მისამართების სუსტი მხარე იყო ის, რომ გამგზავნს უნდა სცოდნოდა სრული მარშრუტი, რომელიც წერილს უნდა გაევლო მიმღებამდე.
გლობალური დომენური სახელების სისტემის (DNS) შექმნის შემდეგ ადრესატის მისამართად შესაძლებელი გახდა დომენური სახელის გამოყენება, მაგალითად user@example.com - მომხმარებელი user, კომპიუტერზე example.com. ამან საჭირო გახადა უკვე დანერგილი ცნებების შეცვლა. ფოსტისთვის დაიწყეს გამოყოფილი სერვერების გამოყენება. ახლა, წერილი პირდაპირ აღარ ხვდებოდა ადრესატის კომპიუტერში, არამედ იგი თავსდებოდა სერვერში და მიმღები სერვერიდან იღებდა თავის წერილებს POP3, IMAP და RCP პროტოკოლების საშუალებით. დღეისათვის დომენური სახელი აღარ გამოიყენება კონკრეტული კომპიუტერის მისამართად, იგი მხოლოდ საფოსტო დომენად იქცა და მასზე სხვადასხვა სერვერი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.
ვიკიპედია
No comments:
Post a Comment